პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში ბრალდებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდების შესახებ.
ადვოკატი მუხრან ღურწკაია მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს, რადგან იმავე ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებს გირაო შეეფარდა.
„პატიმრობის ძირითადი მიზეზი იყო, რომ თითქოს მან „იუთუბზე“ ვიდეო ატვირთა, მაგრამ გავრცელება „იუთუბზე“ იქნება, „ფეისბუქზე“ თუ სხვა ინტერნეტსაშუალებით, ამას სისხლის სამართლის კოდექსისთვის მნიშვნელობა არ აქვს“ - უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მუხრან ღურწკაიამ.
სამართალდამცავებმა გასულ კვირაში დააკავეს 17 პირი, რომლებსაც ბრალად ედება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა და გავრცელება. სასამართლომ 17 ბრალდებულიდან სამს აღკვეთის ზომად პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს გირაო შეუფარდა.