რუსეთის, ირანის და თურქეთის ლიდერები 14 თებერვალს რუსეთში, სოჭში გამართავენ შეხვედრას, სირიაში შექმნილი ვითარების განსახილველად - იუწყება თურქეთის და რუსეთის სახელმწიფო მედია. 3 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალები არ არის მოცემული ვლადიმირ პუტინის, ჰასან როჰანის და რეჯეპ ტაიპ ერდოანის დაგეგმილ შეხვედრაზე, თუმცა რუსეთის ტელეარხი "ენტევე" იუწყება, რომ ლიდერები განიხილავენ იდლიბის გარშემო ე.წ. დეესკალაციის ზონის და სირიიდან აშშ-ის სამხედროების დაგეგმილი გასვლის საკითხებს. სამივე ქვეყანა აცხადებს, რომ სურს პოლიტიკური გადაწყვეტა მოეძებნოს სირიაში შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომს. მოსკოვი და თეირანი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თურქეთი და აშშ სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფებს. გასულ წლებში გამართულმა მოლაპარაკებებმა ვერ მოიტანა შედეგი ბრძოლის დასრულების თვალსაზრისით. ამ ომს ემსხვერპლა 400,000-ზე მეტი ადამიანი, ლტოლვილად იქცა მილიონობით პირი. გაჩანაგდა სირიის ბევრი ისტორიული ობიექტი.
ყველაზე პოპულარული
1