თბილისში დაკავებული ბატალიონ „დონბასის“ შვიდი წევრიდან ხუთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი 2-2 ათასი ლარის ოდენობით.
გათავისუფლებულებს შორის არიან საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია და უკრაინის მოქალაქე როლანდ მელია. რაც შეეხება კიდევ ორ პირს, მათი საქმის წარმოება, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ცალკე გამოეყო.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ ხუთ პირს ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდა. მათ პასპორტები ჩამორთმეული აქვთ.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვისთვის ბატალიონ დონბასის შვიდი წევრი 2 დეკემბერს დააკავეს. ისინი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ჩამოვიდნენ.
მათი მომდევნო სასამართლო პროცესი 12 მარტს გაიმართება.