ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე სტუდენტებს შეხვდა და ადმინისტრაციის მისამართით წაყენებული მოთხოვნები გააცნო. შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის, მიხეილ კირკიტაძის თქმით, ყოფილი დეკანის მთავარი მოთხოვნა იყო 24 საათში ბიზნესის სკოლის აღდგენა.
"პირველ რიგში რეორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ ბიზნესსკოლას აღარ ექნება ბიზნსესკოლის სახელი, ბიზნესსკოლა აღარ იარსებებს. რაც შეეხება ფინანსების გამჭვირვალობას, ყველაზე დიდი მოგება უნივერსიტეტში ბიზნესსკოლას მოაქვს და თანხა სათანადოდ უნდა მოხმარდეს მის განვითარებას."- გვითხრა მიხეილ კირკიტაძემ. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციის მისამართით გიორგი ქადაგიძის მიერ მიმართულ მოთხოვნებს შორისაა ბიუჯეტის გამჭვირვალობაც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნეს სკოლის ყოფილ დეკანს ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა უკვე ილიაუნის ბიზნესსკოლის ყოფილმა დეკანმა გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იგი დეკანის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზად გიორგი ქადაგიძე ადმინისტრაციის მხრიდან ძირეული ცვლილებების შიშსა და მიუღებობას ასახელებს. ილიაუნის დეკანი გიგა ზედანია კი ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გათავისუფლება ახალი ფაკულტეტის შექმნას უკავშირდება და ამ ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება მასაც შეეძლება