საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მარკ ბერენტის შეფასებით, მსოფლიოში თავისუფლების შესახებ მომზადებულ ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით გაუარესდა, რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა და არ უნდა იყოს მასშტაბური შეშფოთების, წუხილის ან პირიქით, კმაყოფილებისა და ტკბობის საგანი, რადგან ეს დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბერენტმა რეიტინგის შემცირება უპირველეს ყოვლისა დაუკავშირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. მისი განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში კარგი არჩევნები ჩატარდა და ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდეც, მაგრამ მეორე ტურისთვის ვითარება გაუარესდა.
„არ ვამბობთ, რომ დამტკიცებულია, მაგრამ არის სანდო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზოგი ისეთი ნეგატიური რამ, რასაც წლების განმავლობაში ვხედავდით ხოლმე „ცუდ არჩევნებში“ სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც არც ისე შორეულ წარსულში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა” - განაცხადა მარკ ბერენტმა.
მას „ამერიკის ხმამ“ ჰკითხა, მაშინ როცა გასულ წელს „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო ძალაუფლების კონცენტრაციასა და ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე, წელს რა არის ძირითადი საკითხები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა ჰქონდა?
„ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი, არაფორმალური მმართველი. დიახ, ის არის და ეს არ არის კარგი, რომ ვიღაცას, ვინც არ არის არჩეული ამხელა გავლენა აქვს. მაგრამ ეს ქართული პოლიტიკის სინამდვილეა. ვფიქრობ, უმთავრესი საკითხი ისაა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გადალახა პოლიტიკის ის აღქმა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენციის, ბიძინასა და მიშას ირგვლივ ტრიალებს“ - განაცხადა მარკ ბერებტმა. მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ ივანიშვილს და სააკაშვილს არ აქვთ იდეები და წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები და ქართული პოლიტიკა ამ ორი პიროვნების მიღმაც უნდა განვითარდეს.
„მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით. ეს რაციონალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას უშლის ხელს, პარტიების, რომლებსაც ექნებათ ძლიერი იდეები და პლატფორმები, რომლებსაც ხალხი შეხედავს და შეაფასებს, უნდა თუ არა, რომ მხარი დაუჭირონ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ მარკ ბერენტმა.
"ფრიდომ ჰაუსის" მიერ დღეს გამოაქვეყნებული ანგარიშის „თავისუფლება მსოფლიოში 2019“ თანახმად, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად, თუმცა მისი საერთო ქულა გაუარესდა. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოს 100 საუკეთესოდან 63 ქულა აქვს. ორგანიზაციის წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საერთო ქულა 64 იყო.