ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ პირი, რომლის წერილის საფუძველზეც განათლების სამინისტროს ინსპექტორებმა სავარაუდო დარღვევების გამო სკოლა შეამოწმეს, რეალურად არ არსებობს.
ბაჩანა შენგელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტროდან გამოთხოვილი წერილის მიხედვით გაარკვია, რომ ავტორი ვინმე ლავრენტი ქირიაა, კვლევა ჩაატარა, მონაცემები იუსტიციის სახლშიც გადაამოწმა და დაადგინა, რომ საქართველოში ცხოვრობს მხოლოდ ერთი ლავრენტი ქირია, რომელიც 7 წლისაა.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვამტკიცებდით, რომ ეს იყო ანონიმური წერილი, რომლის ავტორიც არ იყო რეალური პიროვნება. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი შექმნილია თვითონ სამინისტროში, იქვეა დაწერილი წერილი, რომელიც შეიძლება ვინმეს შეატანინეს კიდეც ფორმალურად. არც ამას გამოვრიცხავ. მაგრამ მთავარია, რომ ეს არის გაყალბებული წერილი, რათა მათ ჰქონოდათ ინსპექტირების საფუძველი“ - აცხადებს ბაჩანა შენგელია.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან გაარკვია, რომ წერილი პროგრამაში ატვირთვიდან 2 წუთში ჰქონდა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელმაც 2 გვერდიანი დოკუმენტი 2 წუთში შეისწავლა და მიაწოდა ინსპექტირების სამსახურს.
ბაჩანა შენგელიას განცხადებით, უკვე თვენახევარი გავიდა, რაც პროკურატურას მიმართა გამოძიების დასაწყებად, თუმცა, შედეგი არ ჩანს. შენგელია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გამოც პროკურატურა იძულებული გახდება გამოძიება დაიწყოს. ბაჩანა შენგელია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა დოკუმენტზეა საუბარი. მისივე განცხადებით, დაელოდება პარლამენტში გამოსვლისას განათლების მინისტრის გამოსვლას და მის პასუხებს ია კერზაიას შესახებ და ამის შემდეგ გადაწყვეტს, დაიწყებს თუ არა საპროტესტო აქციებს, მათ შორის შიმშილობას.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმების გამო, რომელიც რეალურად უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ იმას, რომ ია კერზაიამ უარი თქვა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე. განათლების სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება, რომლის პოლიტიზება დაუშვებელია. სამინისტროს განცხადებითვე, შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად, დირექტორი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.