Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება უზენაეს სასამართლოსთან გააპროტესტეს


უზენაეს სასამართლოსთან სტუდენტებმა, ადვოკატებმა და აქტივისტებმა გააპროტესტეს მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წერილი სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. განცხადების ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

სასამართლოსთან შეკრებილებმა პოლიტსაბჭოს განცხადების საპასუხო წერილი წაიკითხეს. ისინი წერილში სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობასა და ამ პრობლემების მიმართ ხელისუფლების არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ:

„2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. ეს ჯგუფი წინა ხელისუფლების პიროებებში მართავდა და ტოტალურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამარლო სისტემას. იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს. საზოგადოებისათვის ცხადი გახდა, რომ მათი მმართველობის პირობებში შეუძლებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საკანონმდებლო ცვლილებებით.

სწორედ ამიტომ 2019 წლის იანვარში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით შემუშავდა მანიფესტი, რომელიც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას, რომელმაც მხარი დაუჭირა პარლამენტში წარდგენილ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას. მანიფესტი ასევე ითხოვს კლანის ლიდერების მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის გადადგომას.

მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, 5 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ. ბრალს სდებს მათ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ, როცა თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს.

საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საზოგადოება გააგრძელებს მობილიზაციას სასამართლო სისტემის გათავისუფლების, გაჯანსაღების და რეალური დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას და გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს“, - წერია სტუდენტების, ადვოკატებისა და აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG