ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძის მამა პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს. იგი გენერალურ პროკურორს და დავით სარალიძის საქმის პროკურორებს მასთან შეხვედრისთვის დროს სამუშაო დღის დასრულებამდე აძლევს.
ზაზა სარალიძეს ცოტა ხნის წინ პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რის გამოც მან თვითდაზიანებები მიიყენა. პროკურატურის ეზოში რჩებიან მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.
ზაზა სარალიძე პროკურატურის გარე ტერიტორიაზე, რკინის ღობესთან იმყოფება. რამდენიმე წუთის წინ მან კვლავ დააპირა პროკურატურის ეზოში შესვლა, თუმცა ვითარება განიმუხტა. ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. მათ ზაზა სარალიძეს უთხრეს, რომ შესაძლოა შეხვედრა პროკურორებთან ნახევარ საათში შედგეს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას რამდენიმე შეკითხვის დასმა სურს სააპელაციო სასამართლომდე, რომელიც მომავალ კვირაშია დაგეგმილი.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი შეხვედრა სამშაბათს, 12 თებერვალს შედგება.