უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, ბოლო წაკითხვით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც ეხება ამ ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.
7 თებერვლის წაკითხვის შემდეგ შესწორებას მიემხრო 334 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 17 კანონმდებელი. კენჭისყრის წინ კანონმდებლებს მიმართა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და „უკრაინისთვის ისტორიული დღე“ უწოდა 7 თებერვალს, ხოლო პარლამენტის გადაწყვეტილებას, „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობისკენ.
კანონპროექტი 22 ნოემბერს მიიღეს პირველი წაკითხვით და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა შეძლო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყება, რადგან ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ემხრობოდა ნეიტრალიტეტს და „ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ უკრაინისთვის აუცილებელია არ შევიდეს გაერთიანებებში“.
პოროშენკო, რომელიც მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას მეორე ვადის კენჭის საყრელად, ხელისუფლებაში მოვიდა მას მერე, რაც მოსკოვის მომხრე პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხეს დემონსტრაციების შედეგად და მან რუსეთს შეაფარა თავი.