Accessibility links

ბრძოლა საბჭოთა დროს რეპრესირებულთა არქივებისთვის


საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ეროვნულ არქივს სასამართლოში უჩივის - მას უარი უთხრეს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის გაცნობაზე. 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა დაიწყო.

ირაკლის იმ კატალოგის შესწავლა სურდა, სადაც წერია, თუ ვისზე იყო მოთხოვნილი რეაბილიტაცია 1940-იანი წლებიდან 1960-იანი წლების ჩათვლით (სავარაუდოდ, იქვე უნდა იყოს 80-იანი წლების მონაცემებიც).

მკვლევარი ამბობს, რომ დღეს არსებული კანონის პირობებში წარმოუდგენელია საბჭოთა წარსულის შესწავლასა და გააზრებაზე ლაპარაკი. მაგალითად, დღეს რომ ვინმემ 80-იანი წლების არქივის შესწავლა დააპიროს, მუშაობას 2050 წელს უნდა შეუდგეს.

„აბსურდული კანონები გვაქვს, რომლის თანახმად, ასეთი მასალა 75 წელი უნდა იყოს ჩაკეტილი. ხოლო პერსონალური ინფორმაცია დაცული უნდა იყოს მანამ, სანამ კონკრეტული პიროვნების გარდაცვალებიდან 30 წელი არ გავა. სახელმწიფო მეუბნება, რომ მე უნდა დავუმტკიცო, რომ ესა თუ ის ადამიანი გარდაცვლილია,. და ეს მაშინ, როცა მისსავე საქმეშია მითითებული, ის დახვრიტეს თუ არა. ეს ამ ტიპის ორგანიზაციების პოზაა, ჩაკეტონ ეს ინფორმაცია, რომ შემდეგ, დომინოს პრინციპით, ისეთ ადამიანებზე არ გახვიდე, რაც პრობლემას შექმნის. ლუსტრაციის და სხვა ბევრი პასუხისმგებლობების საკითხს დააყენებს“, - უთხრა ირაკლი ხვადაგიანმა რადიო თავისუფლებას.

„სოვლაბის“ მიზანი საბჭოთა წარსულის კვლევაა. ამ შემთხვევაშიც მათ სურდათ გაეგოთ რომელ წელს ვისზე დაიწყო სარეაბილიტაციო საქმის წარმოება - ეს კი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ შემდეგ კონკრეტული საქმეები შეესწავლათ და კვლევაშიც გამოეყენებინათ.

იმ ფონზე, როდესაც საბჭოთა დროს რეპრესირებულთა არქივის დიდი ნაწილი დამწვარია. ეროვნულ არქივში კი მხოლოდ მასალის ნაწილია დარჩენილი, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა საბჭოთა წარსულის მკვლევბისთვის მეტი გაიგონ, თუ რა ხდებოდა რეალურად საბჭოთა რეჟიმის დროს, რა ბედი ეწიათ ადამიანებს, რომელთაც აპატიმრებდნენ, რა დარღვევები იყო და ა.შ.

ეროვნული არქივი მკვლევართათვის ამ მასალაზე წვდომას ზღუდავს არქივებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ საქართველოში არსებული კანონმდებლობა.

საბჭოთა კვლევის ლაბორატორია წერს, რომ მათი მიზანია სასამართლოს გზით შეძლონ იმ საკანონმდებლო აბსურდის ილუსტრირება, რომლითაც სახელმწიფო პასუხობს უახლესი ისტორიის მკვლევრების ინტერესს, შეისწავლონ, გააანალიზონ და გაიაზრონ საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული პროცესები“.

ირაკლი ხვადაგიანიც ფიქრობს, რომ საქართველოს საარქივო სივრცის კანონმდებლობამ უნდა გაიზიაროს ის ძირეული პრინციპები, რომლებიც ევროპულ სივრცეში მოქმედებს და რომელიც აღიარებს, რომ თანამედროვე სამყაროში, ვერც ერთი ქვეყანა ვერ ჩაითვლება სრულყოფილ დემოკრატიად, სანამ მის თითოეულ მოქალაქეს არ ექნება გარანტირებული შესაძლებლობა ობიექტურად იცოდეს მისი ქვეყნის/საზოგადოების ისტორიის ნებისმიერი ელემენტი.

„ეს ყველაფერი უკავშირდება ირაციონალურ ფეტიშებს, რომ ვიღაცის ბაბუა შეიძლება იქ აღმოჩნდეს, რატომ უნდა იცოდეს სხვამ მის შესახებ, ან რომ ჩვენი საამაყო გმირები შეიძლება არ აღმოჩნდნენ ისეთი კარგები, როგორიც გვეგონა აქამდე. და მეორე ფაქტორიც: თუ მკვლევარს ექნება შესაძლებლობა იმუშაოს ამ არქივში, შეიძლება დაინგრეს ის მითი, რომ თითქოსდა რაღაც დოკუმენტები აღარ არსებობს,დაწვეს და ა.შ. და კვლევით ყველა დეტალი გამოარკვიო. ეს კი, არ უნდათ, ცხადია“.

ეროვნული არქივის პასუხი 7 თებერვლის სასამართლოზე იყო ის, რომ არქივი კანონს ვერ დაარღვევს.

თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას ამ დავაზე 28 თებერვალს გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG