„ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?” - ასე მიმართა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 7 თებერვალს, გვიან ღამით დასრულდა.
საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით კომიტეტში გაიმართა მინისტრის მოსმენა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გასულ წელს ჩატარებული შემოწმების გამო.
ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ია კერზაიას მოუწყვეს მორალური სასამართლო და სკოლის შემოწმების აქტი მისთვის იყო მორალური სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა.
ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი და ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გარდაცვალების მიზეზად ასახელებენ ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.
მათი განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბაჩანა შენგელიას და ოპოზოციური პარტიების ინფორმაციით, რეალურად არარსებული პირის წერილის საფუძველზე სკოლის შემოწმების გადაწყვეტილება მინისტრმა რამდენიმე წუთში მიიღო.
„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა.
თავის მხრივ, ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს მიღებულ წერილში საუბარი იყო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და კომერციულ დარღვევებზე, რაც შემოწმებით დადასტურდა, სკოლას გაფრთხლება მიეცა, თუმცა, დირექტორი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.
მინისტრის ინფორმაციით, 22 ნოემბერს მიიღეს თავად ია კერზაიას წერილი, რომელშც ადასტურებდა ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევის ფაქტებს, უთითებდა მათი აღმოფხვრის მიზნით დაწყებულ პროცესზე და ამ წერილში არანაირ ზეწოლაზე, სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უხეშ ქმედებაზე ან დამოკიდებულებაზე მითითება არ ყოფილა. მინისტრის განცხადებითვე, მას არ ჰქონდა წერილის ავტორის ვინაობის შემოწმების ვალდებულება.
ამასთან, მიხეილ ბატიაშვილმა მსგავსი ფაქტების პრევენციის და პოლიტიკური რისკების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტის წევრებს მიმართა ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში სკოლების ინსპექტირებაზე მორატორიუმის გამოცხადებას.
განათლების მინისტრის საკომიტეტო მოსმენამ პოზიცია ვერ შეაცვლევინა ია კერზაიას შვილს ბაჩანა შენგელიას, რომელიც პროკურატურისგან კვლავ ითხოვს გამოძიების დაწყებას.