ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „ჩვეულებრივი დამნაშავე“ უწოდა საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა მინისტრის გუშინდელი ანგარიშის და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შარშან ჩტარებული რევიზიის გამო განათლების კომიტეტში გამართული საჯარო მოსმენის განხილვა. ნიკა მელიამ ამ მოსმენას სამარცხვინო უწოდა.
„სისტემამ იმსხვერპლა ქალბატონი ია კერზაია. მას შემდეგ, რაც პირველ ტურში წააგეთ „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდი დაახლოებით 15 ათასი ხმით, მიავლინა ბატონი გახარია მეორე ტურში და დაიწყო რეპრესიები“ - განაცხადა მელიამ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ უარი თქვა მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში ჩართვაზე, ანონიმური წერილი დაიწერა და რამდენიმე საათში მინისტრმა, რომელიც „ჩვეულებრივი დამნაშავეა,“ სპეცჯგუფი მიავლინა და ია კერზაია სიკვდილამდე მიიყვანა. მელიამ განათლების მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო უმცირესობის დეპტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, გუშინდელ მოსმენაზე სხვადასხვა ფორმით დასმულ ყველა შეკითხვას მიხეილ ბატიაშვილი პასუხობდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში სავარაუდო დარღვევების შესახებ მიღებული წერილის ავტორის გადამოწმების ვალდებულება არ ჰქონდა.
„შეიძლება ფორმალურად მართალც არ გქონდათ, მაგრამ ახლა მაინც ნუთუ, არ გაინტერესებთ ამ ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა. 18 დეკემბერს როცა ია კერზაია უკვე გარდაცვლილი იყო, წერილის ავტორს პასუხი მისწერეთ და რომ არ ჩაბარდებოდა ეს პასუხი იმიტომ, რომ არ არსებობს, ამის მერე მაინც არ დაგაინტერესათ ვინ არის ნამდვილი ავტორი“ - მიმართა კანდელაკმა ბატიაშვილს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და მინისტრის ქმედება შესაძლოა, მის წინააღმდეგ სასამართლოში იყოს გამოყენებული. გიორგი კანდელაკის შეფასებით, მიხეილ ბატიაშვილს ერთადერთი გზა აქვს, თქვას სიმართლე, თუ ვისგან მიიღო დავალება.
ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია და ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გარდაცვალების მიზეზად ასახელებენ ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.
მათი განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბაჩანა შენგელიას და ოპოზოციური პარტიების ინფორმაციით, რეალურად არარსებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილის საფუძველზე სკოლის შემოწმების გადაწყვეტილება მინისტრმა რამდენიმე წუთში მიიღო.
7 თებერვალს, განათლების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა უარყო, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მიიღო და განმარტა, რომ მას არ ჰქონდა წერილის ავტორის ვინაობის შემოწმების ვალდებულება. მისივე განცხადებით, 2018 წლის 8 ნოემბერს მიღებულ წერილში საუბარი იყო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და კომერციულ დარღვევებზე, რაც შემოწმებით დადასტურდა, სკოლას გაფრთხლება მიეცა, თუმცა, დირექტორი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.