ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. იგეგმება შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა.
ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება შვიდი გასასვლელი ( Gate) და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.
ამ ეტაპისთვის, აეროპორტში მხოლოდ ერთი გასასვლელი ფუნქციონირებს და ერთდროულად საათში 300 მგზავრის გატარება შეუძლია.
2020 წელს დაიწყება არსებული ტერმინალისა და ახალი ტერმინალის შენობის შეერთების ფაზა. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისათვის იქნება განკუთვნილი. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის.
2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 191 რეისი შესრულდა და მთლიანობაში 560,254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93 %-ით მეტია.