Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი "ქართულ ოცნებას" მადლობას უხდის, რომ 9 წლისწინანდელივით აღარ ცხოვრობს


მიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბსურდი და ტყუილი უწოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმების პოლიტიკური მოტივების შესახებ და ბრალდებას, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებაზე.

„რასაც ვუსმენდი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და აბსოლუტური ტყუილი, მათ შორის დამონტაჟებულ, 4-5 წამიან მასალაზე“ - თქვა ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. განათლების მინისტრმა „ევროპულ საქართველოს“ მოუწოდა, მის მიერ ჩაწერილი მასალა სრულად აჩვენოს.

„დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ, მაქვს აბსოლუტური დეჟა ვიუს შეგრძნება. ეს ყველაფერი - ის შეურაცხყოფა, ის ტყუილი, ის მონტაჟი და ამ მონტაჟზე აგებული ცილისწამება - მაქვს აბსოლუტური დეჟა ვიუ, რომ დაახლოებით ვცხოვრობ ცხრა წლის წინ“ - განახცადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრმა „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პარლამენტის დარბაზიდან გასვლის შემდეგ აღარ იცხოვრებს, როგორც 9 წლის წინ.

„მე ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის უფლება. და არა მარტო აზრის გამოთქმის უფლება აქვთ ამ ტყუილზე, არამედ შეგვიძლია ერთად ვუსმინოთ, ისე, როგორც შეგვეფერება - მხოლოდ ღირსეული პასუხებით“ - განაცხადა ბატიაშვილმა. მისივე თქმით, დღენახევრის განმავლობაში ოპოზიციისგან მიიღო მხოლოდ ცილისწამება, შეურაცხყოფა და მონტაჟი და არა განათლების რეფორმის შესახებ დასაბუთებულად გამოთქმული მოსაზრებები.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმების საფუძვლად ქცეული, არარსებული ლავრენტი ქირიას სახელით შეტანილი წერილის მსგავს დოკუმენტს, იმ ფორმით, როგორიც ამ წერილს ჰქონდა, სამინისტროში არ იღებენ. ამის დასტურად კაპანაძემ აჩვენა პარტიის წევრის მიერ საგანგებოდ გაკეთებული, რამდენიმე წამიანი ჩანაწერი, სადაც წერილის შემტანს თხოვენ პირად ნომერს და ტელეფონის ნომერს, რაც „ქირიას წერილის“ შემთხვევაში კონვერტს არ ეწერა.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია და ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გარდაცვალების მიზეზად ასახელებენ ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.

მათი განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბაჩანა შენგელიას და ოპოზოციური პარტიების ინფორმაციით, რეალურად არარსებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილის საფუძველზე სკოლის შემოწმების გადაწყვეტილება მინისტრმა რამდენიმე წუთში მიიღო.

XS
SM
MD
LG