შაბათს პარიზში, ეროვნული ასამბლეის შენობის წინ შეტაკება მოხდა მომიტინგე „ყვითელ ჟილეტებსა“ და პოლიციას შორის. ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული დემონსტრანტი საავადმყოფოში მოათავსეს. თვითმხილველის თქმით, ის დაიჭრა მხედველობითი და სმენითი შოკის გამოწვევი ჭურვის აფეთქების შედეგად, რომელიც პოლიციელმა იმ მომენტში ისროლა, როცა დემონსტრანტები ცდილობდნენ გაერღვიათ წინაღობა ეროვნული ასამბლეის შენობის შესასვლელთან. ამის შესახებ ფრანს პრესი უწყება.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს, კვირის ბოლოს ატარებს ხოლმე საპროტესტო აქციებს. დღევანდელი დემონსტრაცია მათი მე-13 აქციაა. გასულ კვირაში, 2 თებერვალს, აქციები გაიმართა პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით.
„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო გამოსვლები ორთვენახევარს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ათას ხუთასზე მეტი ადამიანი დაშავდა.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა პირველი წაკითხვით მიიღეს კანონი მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის წესებში ცვლილებების შესახებ. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ვანდალიზმისთვის სადამსჯელო ზომების გამკაცრებას. ასევე მათ მოითხოვეს, პოლიციის პრეფექტებს უფლება მიეცეთ, მიტინგებში მონაწილეობა აუკრძალონ აქტივისტებს, რომლებიც მუქარას წარმოადგენენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.