საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ხურვალეთში განვითარებული მოვლენები განხილვის მთავარი თემა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის დროს. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მინისტრმა ვიზიტის შედეგები შეაჯამა:
„ხურვალეთის საკითხი ყველა შეხვედრაზე – სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ასევე, როდესაც თეთრ სახლში მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ევროპის და ევრაზიულ საკითხებში ფიონა ჰილთან, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა გახლდათ და აუცილებელია იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს სთხოვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება რუსეთის ფედერაციასთან განსახილველ პრიორიტეტულ საკითხებს შორის მუდმივად დააყენონ დღის წესრიგში. მან ხაზი გაუსვა ასევე საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ჟენევის ფორმატში რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობას:
„ჩვენი მთავარი რესურსი და მთავარი მექანიზმი იმ უკანონობის წინააღმდეგ რაც ხდება, სწორედ ეს გახლდათ. როდესაც იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ ამაზე, ჟენევის ფორმატში მოხდეს მათზე ზეწოლის გაძლიერება ყველა იმ მთავარი აქტორის მხრიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერო და ეუთო, ვინც გახლავთ მთავარი მონაწილეები ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ -ში საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაფიქსირდა კონგრესმენ რუნის მიერ წარდგენილი რეზოლუციის ინიცირების სახითაც. რეზოლუცია სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების დაგმობას უკავშირდება და მასში საქართველო მოხსენიებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირედ რეგიონში.