ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზი მოიპოვა. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.
ამ ნომინაციის ჯილდოსთვის გიორგი შველიძესთან ერთად იბრძოდნენ ფილმების „Girl“-სა და „The Rider“-ის ოპერატორები. ამ ნომინაციაზე კანდიდატს თავად კინოოპერატორთა საზოგადოება წარადგენს.
ASC Awards, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი, 9 თებერვალს ოცდამეცამეტედ გაიმართა და ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების 100 წლის იუბილეს დაემთხვა.
შარშან ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი 2019 წლის ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კონკურსში წარსადგენად. თუმცა ამერიკის კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმების საბოლოო სიაში "ნამე" ვერ მოხვდა.