Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭო სხდომას სასამართლოში გამართავს


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართავს გასვლით სხდომას. საბჭო მიზეზად ასახელებს დიდ ინტერესს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების ინიციატივისადმი, რომელზეც დღეს უნდა იმსჯელოს. მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერების ინიციატივა პარლამენტში გასულ კვირაში დაარეგისტრირა დეპუტატთა ჯგუფმა. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

მათი ინიციატივით, იუსტიციის საბჭომ უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. დეპუტატების განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება ეფუძნება კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების სპეციალურ მუხლს, რომლითაც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საბჭოს შეუძლია არ გამოიყენოს უვადოდ გამწესება და მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

ინიციატორთა პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და ამის შედეგად სასამართლო სისტემაში უნდა დაინიშნონ ახალი მოსამართლეები.

დეპუტატთა ეს ჯგუფი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა დაადანაშაულა კონსტიტუციასა და ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე თავდასხმასა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაში.

XS
SM
MD
LG