Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ხელმძღვანელი მხარს უჭერს ქაბულის როლს სამშვიდობო მოლაპარაკებებში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთის მთავრობის მონაწილეობა მოლაპარაკებაში, რომელიც მიზნად ისახავს 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას.

შანაჰანი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში იმყოფება, სადაც ის ხვდება სამხედრო სარდლებს და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს. მისი ვიზიტის ფონია ვაშინგტონის მიერ ძალისხმევის გააქტიურება თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. შანაჰანი ავღანეთში 11 თებერვალს, დილით ადრე ჩავიდა. მისი თქმით, ავღანეთის ლიდერებთან მოლაპარაკებისას იტყვის, რომ ქვეყნის მომავალს საბოლოო ანგარიშით ისინი გადაწყვეტენ, მათ შორის თალიბანთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო შინაარსს.

"მნიშვნელოვანია ავღანეთის შესახებ დისკუსიებში ავღანეთის მთავრობა მონაწილეობდეს" - განაცხადა შანაჰანმა და დასძინა - "ავღანელებმა უნდა გადაწყვიტონ ის, თუ როგორი იქნება ავღანეთი მომავალში". ავღანეთში გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, თავად თალიბანი კი ჯერჯერობით უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე ქაბულში განთავსებულ მთავრობასთან, რადგან მას დასავლეთის მარიონეტად მიიჩნევს.

შანაჰანმა ასევე თქვა, რომ თეთრი სახლიდან არ მიუღია დავალება ავღანეთში ამჟამად განთავსებული, 14 000-კაციანი კონტინგენტის შემცირებაზე. ვრცელდებოდა ცნობები, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამ კონტინგენტის განახევრება სურს, როგორც ნაწილი მცდელობისა შემცირდეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ჩართულობა.


XS
SM
MD
LG