Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოსა და ვენესუელას შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ არის, საქართველო დატოვა მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტებთან 10 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, სააკაშვილმა გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ რუსულ სამსახურს მისცა ინტერვიუ, რომელშიც თქვა, რომ გაუჩნდა იდეა შეიქმნას საქართველოდან წასული ხალხის მოძრაობა, რომელიც სიტუაციას შეცვლის.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, დღეს საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში ერთნაირი სიტუაციაა და ხალხი ამ ქვეყნებს მასობრივად ტოვებს.

შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში განვითარდეს ვენესუელის მსგავსი მოვლენები, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რამდენიმე დღის წინ დებატები ჰქონდათ ევროპარლამენტის ყველაზე დიდ ჯგუფთან და ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ვენესუელაზე ლაპარაკობენ, მაშინ როცა მათ ცხვირწინ იგივე ხდება.

„რით განსხვავდება ის, რაც ხდება საქართველოში, მოლდავეთში, ან უკრაინაში იმისგან, რაც ხდება ვენესუელაში?! არანაირი. თავს ვიტყუებთ, რომ დემოკრატიის მხრივ ყველაფერი კარგადაა და ვენესუელით ვართ დაკავებული. განსაკუთრებულ სხვაობას ვერ ვხედავ. იქ თავის ოლიგარქები ჰყავთ და აქაც. იქაც პოლიტიკური პროცესების იმიტაციაა და აქაც. იქაც გაყალბებული არჩევნებია და აქაც. იქ ხელისუფლებამ მიიტაცა ყველა ტელეარხი და აქაც პრაქტიკულად ასე ხდება. ხალხი იქაც ღარიბია და აქაც“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ფარისევლობა უნდა დასრულდეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღეს ბევრი ევროპელი ამბობს, რომ ამ დეტალებით ვერ დაკავდებიან, რადგან საქმე რუსეთთანაა გასარკევი, მაგრამ რუსეთზე გასამარჯვებლად აუცილებელია პრინციპების ერთგულება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არავის უნდა აპატიო ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორსაც პუტინი იყენებს. „თუ ოლიგარქებს უფლებას მივცემთ, რომ მსუბუქად შეშინდენ ყოველთვის, როცა არჩევნებს იპარავენ, მედიას ავიწროებენ, ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ, ან ევროპის ცენტრში „ტიტუშკებს“ აგზავნიან, მაშინ რა მორალური უფლება გვაქვს სხვები დავგმოთ და ვიყვიროთ, რომ არადემოკრატიული სისტემა აქვთ. მოდით საკუთარ თავს მივხედოთ“ - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ მაუწყებელს „დოიჩე ველეს.“

XS
SM
MD
LG