თალიბანმა გამოაცხადა 14 წევრისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზალმან ხალილზადთან მოლაპარაკებებში. 12 თებერვალს გუნდმა გამოაცხადა, რომ მას სათავეში უდგას მოლაპარაკებების პროცესში გასამხედროებული დაჯგუფების მთავარი წარმომადგენელი შერ მოჰამად აბას სტანიკზაი. სიაში შედის ასევე ანას ჰაყანი, თალიბანის გავლენიანი ჯგუფის, „ჰაყანის დაჯგუფების“ ციხეში მყოფი ლიდერის ძმა.
თალიბანის წარმომადგენელმა ზაბულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე გუნდზე მუშაობის დასაწყებად საჭიროა ჰაყანის განთავისუფლება, რომელიც ქაბულში ჰყავთ პატიმრობაში. მაგრამ ავღანეთის მთავარი სადაზვერვო სამსახური, დაზვერვის ეროვნული სამმართველო აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ მიღებულა მისი განთავისუფლების გადაწყვეტილება.
თალიბანსა და ზალმან ხალილზადს შორის მოლაპარაკებების მიზანია, ბოლო მოუღოს 17-წლიან ომს ავღანეთში. შეხვედრის მორიგი რაუნდი 25 თებერვალს არის დაგეგმილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში. ადრე ხალილზადმა განაცხადა, რომ თალიბანთან მიღწეულია სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმება.