Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს


დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს. როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, დაკავებული დ.ვ. იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, რომელიც ხილიანზე 13 თებერვალს დაიწვა.

1989 წელს დაბადებული დ.ვ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გამოძიების პროცესში დადგინდება ჰქონდა თუ არა დაკავებულ პირს შემხებლობა სახლის დაწვის ფაქტთან.

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით, ის გამოირჩეოდა აგრესიულობით და საკუთარ სახლს ცეცხლი ადრეც გაუჩინა.

ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG