აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ქვეყნებს მთელ მსოფლიოში. პომპეომ ბრატისლავაში ვიზიტით გააგრძელა ევროპული ტურნე, რომლის ამოცანებს შორის არის რეგიონზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეკავება.
სახელმწიფო მდივანმა ბრატისლავაში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში. მანვე ჩინეთზე თქვა, რომ საჭიროა თავის დაცვა პეკინის ეკონომიკური და სხვა სახის ძალისხმევისაგან, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მანიპულაციას.
სლოვაკეთში ვიზიტისას პომპეო შეხვდა როგორც ქვეყნის ლიდერებს, ისე ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს. მან მოინახულა ავსტრიასთან საზღვარზე მდებარე მდებარე მემორიალი „თავისუფლების კარიბჭე“, სადაც 1945-1989 წლებში 400-მდე ადამიანი იქნა მოკლული დასავლეთში გაქცევის მცდელობისას.
პომპეომ უნგრეთში დაიწყო თავისი ევროპული ტურნე, ხოლო სლოვაკეთის შემდეგ ეწვევა პოლონეთს, ბელგიასა და ისლანდიას.