Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიას ოფიციალურად დაერქვა „ჩრდილოეთი მაკედონია“


მაკედონიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები, ზორან ზაევი (მარცხნივ) და ალექსის ციპრასი
მაკედონიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები, ზორან ზაევი (მარცხნივ) და ალექსის ციპრასი

მაკედონიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა „ჩრდილოეთი მაკედონია“, რასაც ითვალისწინებს საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმება.

11 იანვარს სკოპიეში პარლამენტმა დაამტკიცა ოთხი შესწორება კონსტიტუციაში - მათ შორის შესწორება სახელწოდების შეცვლის შესახებ. მთავრობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება 12 თებერვალს გამოქვეყნდა ოფიციალურ გამოცემაში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას ეწოდა ჩრდილოეთი მაკედონია.

სახელწოდების გამო მეზობელ საბერძნეთთან დავა მრავალი წელი აფერხებდა ნატოსა და ევროკავშირში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის გაწევრიანებას. საბერძნეთი შიშობდა, რომ სახელწოდებად მაკედონიის გამოყენება შესაძლოა დაკავშირებოდა ტერიტორიულ პრეტენზიებს ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიაზე.

ათენსა და სკოპიეს შორის მოლაპარაკება ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. ნაციონალისტები ორივე ქვეყანაში ეწინააღმდეგებოდნენ შეთანხმებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი ქვეყანა წაგებული დარჩებოდა.

მაგრამ საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრებმა ალექსის ციპრასმა და ზორან ზაევმა შარშან შეძლეს შეთანხმება ურთიერთობის ნორმალიზებაზე, რაც ითვალისწინებდა სახელწოდებაზე შეთანხმებასაც.

„დაე, დღეს დაიწყოს ხანგრძლივი მეგობრობა საბერძნეთსა და მაკედონიას შორის. ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს, მაგრამ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის მომავალი“, წერს ტვიტერში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი.

XS
SM
MD
LG