აშშ-ის ორგანიზებით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 13 თებერვალს იწყება დიდი საერთაშორისო კონფერენცია ახალო აღმოსავლეთის პრობლემატიკაზე. იუწყებიან, რომ ყურადღების ცენტრში იქნება ირანი, რის გამოც თეირანმა ვარშავაში დაგეგმილ სამიტს უწოდა მტრული აქტი და პოლონეთს დაემუქრა გარკვეული შედეგებით.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი.
კონფერენციაზე დამსწრე 60-მდე მაღალი რანგის სტუმარს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ . „ვიმედოვნებ, რომ მივაღწევთ რეალურ პროგრესს ახლო აღმოსავლეთის უფრო მეტი სტაბილურობისათვის“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს სლოვაკეთში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წინა დღით იმყოფებოდა ევროპული ტურნეს ფარგლებში.
მაგრამ ვარშავის კონფერენციის გარშემო არ არის ერთსულოვნება.
თავყრილობას არ დაესწრებიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი და ასევე რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.