Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეოგრაფები და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი განათლების მინისტრს მიმართავენ


მიმართვა, რომელიც განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის სახელზე გაიგზავნა, განათლების სისტემაში ბოლო დროს დაანონსებულ რეფორმას უკავშირდება.

ხელმომწერები ფიქრობენ, რომ რეფორმა გამოცდების მოხსნით ან დანიშვნით არ უნდა იწყებოდეს - ჯერ უნდა იცვლებოდეს სტანდარტი, პროგრამა, სასწავლო გეგმა, ხედვა, მიდგომა, სახელმძღვანელოები, ინერგებოდეს სიახლე, იზრდებოდეს მასწავლებელთა კვალიფიკაცია და შემდეგ შეფასდეს შედეგი გამოცდით ან შეფასების სხვა სანდო ინსტრუმენტით.

წერილის ხელისმომწერები შემაშფოთებლად მიიჩნევენ ტენდენციას, რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნებს. მათ შორის, გეოგრაფიასაც.

„გეოგრაფია და გეოგრაფები ხელისუფლებას მხოლოდ სტიქიური უბედურების დროს ახსენდება. ასე იყო მაგალითად, მდინარე ვერეს სტიქიის დროს. სხვა დროსაც... მაშინ მიმართავენ გეოგრაფიის ინსტიტუტს, გეოგრაფიულ საზოგადოებას, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტ გეოგრაფებს. ითხოვენ კომენტარს, შეფასებას, პროგნოზს, არადა ანალიზისთვის სისტემატური სამეცნიერო მუშაობაა საჭირო.თვალსა და ხელს შუა იკარგება ისეთი ძლიერი სკოლები, რომლებიც გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებით არსებობდა. დანგრეულის აღდგენა კი მერე ძალიან რთულია“, - ვკითხულობთ მიმართვაში.

წერილს უკვე 230-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მათი განცხადებით, დღეს რეპეტიტორები სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ სკოლაა სუსტი. სწორედ რეპეტიტორები ავსებენ სკოლის შავ ხვრელებს. თუმცა, განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები და ფეისბუკგამოკითხვები სხვას ამბობს: ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდხანს ახალგაზრდები ინგლისურში, ქართულსა და მათემატიკაში ემზადებიან. გეოგრაფიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებს ყველაზე ნაკლებად ასახელებენ.

„როცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოსტის სამინისტრო თავად ასახელებს ორ სავალდებულო და მესამე ნაწილობრივ არჩევით საგანს, რომელშიც, აბიტურიენტს მწირი არჩევანი აქვს (მხოლოდ მათემატიკა ან ისტორია), ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებს ვართმევთ არჩევანის უფლებას. თუ სოციალური გათანაბრებისთვის ვიბრძვით, აბიტურიენტებს უნდა მივცეთ საშუალება, აირჩიონ არა სამინისტროს მიერ დასახელებული სამი, არამედ მათთვის სასურველი საგნები", - წერია მიმართვაში.

წერილის ავტორები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სთავაზობენ, რომ ისინი ჩაერთვებიან სტრატეგიის, ხედვების, რეფორმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დისკუსიაში.

მათი განცხადებით, ახალგაზრდებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ, რომ აბიტურიენტებმა, მისაღებ გამოცდაზე თავად აირჩიონ საგანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ და იციან, რომ ეს საგანი მათ მომავალ საქმიანობას ყველაზე მეტად სჭირდება.

XS
SM
MD
LG