აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში "თანამშრომლობის ახალი ერა“ სურს, რათა რეგიონის ქვეყნები წინ აღუდგნენ გამოწვევებს.
„ჩვენი სურვილია შევაკავშიროთ სახელმწიფოები, რომლებსაც სტაბილურობის ინტერესი აქვთ, და რომლებმაც ერთმანეთს უნდა გაუზიარონ განსხვავებული თავლსაზრისები და უარი უთხრან ტრადიციულ აზროვნებას“, განაცხადა პომპეომ ვარშავაში აშშ-ის და პოლონეთის ორგანიზებით დაწყებულ კონფერენციაზე, რომელშიც 60 ქვეყანა მონაწილეობს. „რეგიონის გამოწვევები თვითონ არ მოგვარდება, თქვა პომპეომ, „უსაფრთხოებისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ“.
პომპეომ, როცა რეგიონის გამოწვევებზე ლაპარაკობდა, ჩამოთვალა ამ მხრივ განსაკუთრებული ქვეყნები, როგორიცაა ირანი, სირია და იემენი და მოიხსენია სამშვიდობო პროცესი ისრაელსა და პალესტინელებს შორის, განაცხადა, რომ დისკუსიის დროს არც ერთ ქვეყანას და არც ერთ საკითხს მიენიჭება უპირატესობა. უფრო ადრე პომპეომ აღნიშნა, რომ მსოფლიო „ვერ მიაღწევს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაპირისპირების გარეშე“.
აშშ და ისრაელი გამოდიან მოწოდებით, ახალი ზომები იქნეს მიღებული ირანზე ზეწოლის მიზნით. ამ საკითხზე საუბრობენ ახლო აღმოსავლეთის შესახებ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც თეირანი „ცირკად“ მიიჩნევს. 14 თებერვალს სიტყვით გამომსვლელებს შორის მაიკ პომპეოს გარდა, არიან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ.