საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაასრულა რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა მოქმედ თანამშრომლებთან გასაუბრებას.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ადმინისტრაციიდან გათავისუფლდა 61 თანამშრომელი, 37 გასაუბრების შედეგად სამსახურში დარჩა, 11 თანამშრომლის საკითხი კი არ განხილულა, რადგან დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან და მათ კანონი იცავს.
პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გამო, 61 საჯარო მოხელე მოხვდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადაეცა საჯარო სამსახურის ბიუროს, რათა ერთი თვის განმავლობაში მათთვის პოზიციები მოიძიოს. მოისწრაფიშვილის თქმით, ყველა, ვინც დათანხმდება შეთავაზებულ საქმეს, გადავა ახალ პოზიციაზე, ხოლო ვინც უარს იტყვის, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებს.
2018 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი 140-დან 60-მდე შემცირდა. დაახლოებით 4 მილიონი ლარით შემცირდა ადმინისტრაციის დაფინანსებაც, რომელიც წელს 6 მილიონია.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია 2018 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და პირველი ეტაპი მოიცავდა 60 თანამშრომლის შტატისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებას. ეს ეტაპი 15 იანვრამდე გაგრძელდა და ამის შემდეგ დაიწყო ერთთვიანი გასაუბრება. მესამე ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოაცხადებს კონკურსს დარჩენილ ვაკანსიებზე.