„საქართველოს საბანკო ასოციაციამ“ მხარი დაუჭირა მის წევრს, „თიბისი ბანკს“ და ყველა „თიბისელს“ და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისგან.
ასოციაცია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკი“ ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში, იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით და ფინანსური მაჩვენებლებით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია.
„აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას „თიბისი ბანკის“ სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე” - ნათქვამია „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ განცხადებაში.
ასოციაცია მიესალმება „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე და ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.