Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის მოქალაქეებს შავ ზღვაში უკრაინელი მეზღვაურების დაკავებისთვის


ევროკავშირი მომავალ კვირაში სანქციებს დაუწესებს რუსეთის, სავარაუდოდ, რვა მოქალაქეს ნოემბერში შავ ზღვაში უკრაინელი მეზღვაურებისა და მათი სამხედრო ხომალდების დაკავებისთვის.

ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ეს გადაწყვეტილება პარასკევს მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელმა დიპლომატებმა.

გადაწყვეტილება 18 თებერვლის შეხვედრაზე უნდა დაამტკიცონ საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და აქტივების დაყადაღებას. ჯერ არ არის ცნობილი, ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული სანქციები.

25 ნოემბერს რუსეთის ხომალდებმა დააკავეს უკრაინის სამი ხომალდი, რომელიც ქერჩის სრუტის გავლით მიემართებოდა აზოვის ზღვაში. რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, დაჭრეს სამი უკრაინელი მეზღვაური. დაკავებულ იქნა 24 უკრაინელი მეზღვაური, მათ ბრალად წაუყენეს რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაჭრა. ისინი მოსკოვის იზოლატორში იმყოფებიან და მოითხოვენ სამხედრო ტყვეთა სტატუსს, რაზეც რუსეთი უარს ამბობს.

ევროკავშირმა და აშშ-მა არაერთხელ მოუწოდეს მოსკოვს, გაათავისუფლოს მეზღვაურები. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ აგრეთვე დამატებით ზომებზე აზოვის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG