ქართველმა სპორტსმენებმა უმედლოდ ჩაამთავრეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლა. სარაევოში გამართულ ფესტივალში, ოლიმპიურ კონკურენციაში სულ ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი ჩაება. საქართველოს წარმოადგენდნენ სამთო მოთხილამურეები ნოდარ კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე და მაგატა ჯაფარიძე და ფიგურულად მოციგურავე ალინა ურუშაძე.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ურუშაძემ აჩვენა - მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში მეექვსე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიურ ფესტივალზე მედლები 21-მა ქვეყანამ მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ნორვეგია გავიდა 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით. მეორე და მესამე ადგილები კი შვეიცარიამ (5-5-2) და საფრანგეთმა (4-3-4) დაიკავეს.
ზამთრის შემდეგი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2021 წელს გაიმართება, ფინეთის ქალაქ ვუოკატში.