საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, საზოგადოებას აქვს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებელზე, მამუკა ხაზარაძეზე მიმდინარეობს პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებით მოტივირებული შეტევა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, თუ ეს სიმართლე არ არის, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, თავდაპირველად იყო პოლიტიკური კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რასაც მოჰყვა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის, მათ შორის პროკურატურის და ეროვნული ბანკის ორკესტრირებული შეტევა „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებელზე.
ამიტომ, ბაქრაძის თქმით, მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და ახსნას რატომ გახდა მისი ასეთი ყურადღების და შეტევის საგანი 11 წლისწინანდელი ოპერაცია, მაშინ, როცა დღეს ბევრი, მათ შორის ფულის გათეთრების დანაშაულია რეაგირების გარეშე.
ამასთან, „ევროპული საქარველო“ მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოების ინტერესს პატივი უნდა სცეს და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. „თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერა, საზოგადოება იმსახურებს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და იცოდეს სიმართლე“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისათვის.
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს რამდენიმე თვეა იძიებს პროკურატურა, რომელიც ფულის გათეთრების ნიშნებს ხედავს.
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში 15 თებერვალს გაასაჩივრა.