Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა სამხედროებისათვის ჩამწერი აპარატების აკრძალვას


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე, ბოლო მოსმენით მოიწონა კანონი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და ახალწვეულებს უკრძალავს ტელეფონების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩამწერი და ინტერნეტთან დამაკავშირებული აპარატების სამუშაო ადგილას გამოყენებას.

სამხედროებს აუკრძალავენ აგრეთვე ჟურნალისტებთან საუბარს და ინტერნეტში წერას სამხედრო სამსახურის თავისებურებების, ყოფილი თანამებრძოლებისა და მათი ნათესავების შესახებ.

დოკუმენტს ხმა მისცა 408 დეპუტატმა, არავინ ყოფილა წინააღმდეგი.

სამხედროების მიერ სხვადასხვა მონაცემის გამოქვეყნებას ბევრჯერ მოჰყოლია ინფორმაციის გაჟონვა. სოციალური ქსელების მეშვეობით ჟურნალისტები, გამომძიებლები და ექსპერტები ახერხებდნენ 2014 წელს უკრაინაში, ხოლო 2015 წელს სირიაში რუსი სამხედროების ყოფნის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების მოპოვებას.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გამოიყენეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმაც იმის დასამტკიცებლად, რომ დონბასში რუსეთიდან იყო შესული საზენიტო კომლექსი „ბუკი“, რომლითაც 2014 წელს ჩამოაგდეს მალაიზიის სამგზავრო „ბოინგი“.

უფლებადამცველები შიშობენ, რომ კანონის მიღება გააძლიერებს „დედოვშჩინას“ - ახალწვეულთა ჩაგვრასა და დამცირებას - რუსეთის არმიაში.

XS
SM
MD
LG