Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: ითქვა, რომ უკრაინაში ტომოსის გადაცემის შემდეგ ხშირია კონფლიქტი


20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი პოზიციის საქართველოს საპატრიარქოსთვის გაცნობა:

„ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით თანახმადვე, ილია მეორემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო.

საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს. სხდომის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სხდომა, სავარაუდოდ, სააღდგომოდ გაიმართება.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მოიპოვა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა მოხდა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.

XS
SM
MD
LG