Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TBC--ის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ზოგადად მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შეიკავებდა, აღნიშნულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროდ მიგვაჩნია, საჯარო განცხადება გავაკეთოთ,- ნათქვამია განცახდებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი.

„TBC ბანკი“, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ, 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია. უფრო მეტიც, „თიბისი ბანკი“ საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ ftse 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოსთვის წარმატების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის ქმედება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის თავს არიდებს მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც „თიბისის“ აქციონერებისგან სრული პროცედურის გარეშე მოითხოვს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს „თიბისი ბანკის“ უმაღლესი მენეჯმენტის უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით სასამართლოში გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება.

პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლსა და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილებებს, გამოიძიონ ყველა შესაძლო კანონდარღვევის შემთხვევა. ამ მიმართულებით ჩვენ მივესალმებით „თიბისი ბანკის“ შეთავაზებას სრული გამჭვირვალობის მიზნით ყველა შესაბამისი დოკუმენტის მიწოდების მზადყოფნის შესახებ, ასევე სრულად ვუჭერთ მხარს სამთავრობო ან სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა დაჩქარდეს საგამოძიებო პროცესი.

რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ დროული, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოსავლის ძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე საჯარო დავა შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და მომავალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, – ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი აწერს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG