„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქმიანობის გაგრძელებას ანაკლიის პროექტში აპირებს.
„მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“ - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიერ ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მან საზოგადოებას, „თიბისელებს“ და მათ გულშემატკივრებს აცნობა გადაწყვეტილება ბანკიდან წასვლის შესახებ.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტა ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. „შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად“ - წერს მამუკა ხაზარაძე.
"თიბისის" დამფუძნებელი ვრცელ განცხადებაში საუბრობს ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ შეტევასა და პირადად მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე და ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.
ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს იძიებს პროკურატურა, რომელიც ხაზარაძის და ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს.
მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა 10 წლისწინანდელ ტრანზაქციას იძიებს, „თიბისიმ“ განცხადება გაავრცელა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ქართულენოვან განცხადებაში „თიბისი ბანკი“ საუბრობდა დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელოაბზე და აღნიშნავდა, რომ საქმე ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს, არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებულია.
ინგლისურენოვან ვარიანტში „თიბისი“ იუწყებოდა, რომ ეროვნულმა ბანკმა 2007 და 2008 წლების ზოგიერთი ფინანსური ოპერაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ოპერაციის მონაწილე ზოგიერთ იურიდიულ პირს კავშირი ჰქონდა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებთან და შესაბამისად დაირღვა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ამავე განცხადების მიხედვით, ეს ფინანსური ოპერაციები ეროვნულმა ბანკმა 2008 წელსაც შეამოწმა და მაშინ რაიმე სანქციები არ გამოუყენებია, ახლა კი „თიბისი ბანკი“ მილიონი ლარით დააჯარიმა, რაც ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა.
„თიბისი ბანკმს“ სასამართლოში გაასაჩივრა ეროვნული ბანკის მიერ 14 თებერვალს გამოცხადებული გადაწყვეტილებაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.
მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს, 21 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, ლონდონში სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტა.