იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის ინიციატივას ეხმაურება და ამბობ, რომ თამარ ჩუგოშვილის წინადადებასთან დაკავშირებით უფრო მეტი არგუმენტისა და სამართლებრივი საფუძვლების მოსმენაა საჭირო:
"არსებობს სპეციალური საფუძვლები იმისა, თუ როგორ შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. მაგალითად, შეიძლება ეს მოხდეს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არგუმენტი და უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ იქნება სწორი კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე.
ერთდროულად რამდენიმე პირი არაჯეროვნად ასრულებდეს უფლებამოსილებას, თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა, ინდივიდუალურად უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტულ შემთხვევაში," - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, უმრავლესობის წევრთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მით უმეტეს, რომ მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულ პროტესტს იწვევენ, უვადოდ უკვე დანიშნულები არიან.
21 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მიიჩნევს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად თქვას უარი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გაგრძელებაზე.
მისი ინიციატივაა, რომ თუ იუსტიციის საბჭო ამაზე უარს იტყვის, პარლამენტმა საბჭოდან გაიწვიოს მისი კვოტით არჩეული 5 წევრი და მათ ნაცვლად აირჩიოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები.