Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კუპრავა: თქვენ გეყოლებათ ასანჟი საქართველოში!


„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ხელისუფლების დევნის ობიექტია:

„მივმართავ თხოვნით დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს. მეგობრებო, გთხოვთ დაინტერესდეთ ჩემი შეთითხნილი საქმეებით, ჩაიხედეთ და დარწმუნდით არა მონაყოლით, არამედ საკუთარი თვალით, რომ მე საქართველოს მოქალაქე, ჩემსავე ქვეყანაში ვარ ხელისუფლების მიერ დევნის ობიექტი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას..! დაუყოვნებლივ გამოითხოვეთ ორივე საქმე სასამართლოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ ასანჟი საქართველოში!“

21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ, სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - 5000 ლარის ოდენობით, გირაოს პირობების და კანონის დარღვევის გამო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

„ზვიად კუპრავას ბრალი ედება სასამართლოს ეზოში, ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი). ბრალდებულის მიერ დაირღვა მის მიმართ შეფარდებული გირაოს გამოყენების პირობები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდების დადგენილების თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ურთიერითშელაპარაკების ნიადაგზე „ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი".

ზვიად კუპრავა უარყოფს ბრალდებას და ზაქარეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ ხელისუფლება მის წინაშე ტყუის.

ზვიად კუპრავამ 22 თებერვალს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ოფისში ბრიფინგი გამართა:

„უკვე რამდენიმე საათია ვატარებ ძებნილის სტატუსს. მათ იციან ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ, მაგრამ არავინ დამკავშირებია. ან დავავიწყდი ამ ხალხს, ან შეიძლება ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ამ შტაბში მომახდევინებენ სასჯელს“.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG