Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი: მე ყველაზე კარგად მესმის იუსტიციის საბჭოში ჯანეზაშვილის ყოფნის მნიშვნელობა


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აპირებს კოლეგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთ წევრთან განიხილოს ინიციატივა, რომელიც 21 თებერვალს გამოთქვა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

„მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეყოფა გონიერება და გააკეთებს განცხადებას, რომ აჩერებენ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს კანონებს, რომელიც საჭიროა მოსამართლეთა სამართლიანად დასანიშნად“ - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. მისი წინადადებით, თუ საბჭო ამას არ გააკეთებს, პარლამენტმა იუსტიციის საბჭოდან უნდა გაიწვიოს მისი კვოტით დანიშნული 5 წევრი და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები შეარჩიოს.

თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას გაუგებარი უწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით დანიშნულმა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი განმარტებით, კანონი ითვალისწინებს არა გაწვევას, არამედ უფლებამოსილების შეწყვეტას მოვალეობას არაჯეროვნად შესრულებისთვის.

„ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის პირადად ჩემი რეკომენდაციით მოხვედრილი, ამიტომ, ახსნა და დასაბუთება არ მჭირდება ნაზი ჯანეზაშვილის როლთან დაკავშირებით. ყველაზე კარგად მესმის მისი იქ ყოფნის მნიშვნელობა“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე, თუმცა, საბჭოს მიერ ბოლო ხანს მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენის შესახებ, მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიერ დანიშნულმა წევრებმაც.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ინიციატივაზე საუბარი ექნება მათ შორის ნაზი ჯანეზაშვილთანაც.

იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისთვის ნაზი ჯანეზაშვილს მხარი არ დაუჭერია.

XS
SM
MD
LG