Accessibility links

site logo site logo

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში ბრაზილიიდან შედის ჰუმანიტარული დახმარება


ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო ამბობს, რომ 23 თებერვალს ქვეყანაში ბრაზილიიდან დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. გუაიდომ ეს ტვიტერზე დაწერა და "დიდი მიღწევა" უწოდა.

მანამდე, 23 თებერვალს გუაიდომ ჰუმანიტარული ტვირთი კოლუმბიის ქალაქ კუკუტადან გაგზავნა ვენესუელისკენ, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან კონფლიქტში გადამწყვეტ მომენტში. მადუროს მთავრობა უარყოფს ბრალდებას, რომ ვენესუელის ეკონომიკურმა სირთულეებმა ჰუმანიტარული კრიზისი მოიტანა. მთავრობამ სამხედრო ძალებს უბრძანა გადაეკეტათ საზღვრები ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან.

მადუროს მხარს უჭერს კრემლი, რომელიც 22 თებერვალს აცხადებდა, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა წარმოადგენს საფარს აშშ-ის სამხედრო ინტერვენციისა ვენესუელაში.

გუაიდომ იანვარში გამოაცხადა თავი დროებით პრეზიდენტად. მას აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი უჭერენ მხარს - ეს ქვეყნები მადუროს მოუწოდებენ გადადგეს და გუაიდოს მისცეს ქვეყნის ეკონომიკური სირთულეების გადაჭრის შანსი.

ვენესუელის ეროვნულმა გვარდიამ 23 თებერვალს კოლუმბიასთან საზღვარზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დემონსტრანტები ბარიკადების დაშლას ცდილობდნენ მდინარე ტაჩირზე გადებულ ხიდზე, რომელიც სასაზღვრო ქალაქ ურენიას კოლუმბიისგან აცალკევებს - იუწყება "ვაშინგტონ პოსტი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG