გაერო აცხადებს, რომ 2018 წელს ავღანეთში აღირიცხა სამოქალაქო პირთა დაღუპვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, რაც გამოიწვია თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმებმა და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების საჰაერო დარტყმებმა.
ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისიის (UNAMA) ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, შარშან კონფლიქტს ავღანეთში შეეწირა 3804 სამოქალაქო პირი, დაიჭრა კიდევ 7189 ადამიანი, რაც 11 პროცენტით მეტია წინა, 2017 წლის მონაცემზე. სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის მონაცემი ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც მისიამ 2009 წელს მისი აღრიცხვა დაიწყო.
ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის 63 პროცენტი გამოიწვიეს ექსტრემისტებმა, ძირითადად თალიბანმა და "ისლამურმა სახელმწიფომ". მთავრობაზე და მის აშშ-ის და ნატოელ მოკავშირეებზე მოდის დახორცილი და დაჭრილი სამოქალაქო პირების 24 პროცენტი.
ანგარიშის გამოქვეყნება ერთი დღით უსწრებს წინ აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ახალ რაუნდს ყატარში, 17 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით.