25 თებერვალს საქართველო აღნიშნავს ქვეყნისთვის ტრაგიკულ თარიღს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებას, რომელიც 70 წელს გაგრძელდა.
საბჭოთა ოკუპაციას შეწირული ათასობით ადამიანის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ისინი დაუშვეს საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზეც.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.