„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან წევრების გასვლამ სასაცილო ფორმა მიიღო.
„ყველა ტოვებს ცალ-ცალკე და განცხადებებსაც არა ერთად, არამედ ცალკე აკეთებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ერთად ვერ გააგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას“ - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, უმრავლესობის წევრები მიდიან არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოპოზიციაში.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ანუ ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს ეს ხალხი ჩადგება მის სამსახურში” - განაცხადა გოცირიძემ.
ბოლო დღეებში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. უმრავლესობიდან სოციალ-დემოკრატების გასვლის განზრახვა დაადასტურა მათი ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა.