ხადის ხეობაში, აშშ-ის და საქართველოს მოქალაქეების, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები,მედიაში გასულ სიუჟეტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სიუჟეტში გამოყენებული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც პოლიციელის მიერ ჩვენების ჩამორთმევას ასახავს, ნაფიც მსაჯულებზე გავლენის მოხდენას ემსახურება, ვინაიდან მალხაზ კობაური ამ ჩვენებაში დანაშაულს აღიარებს. მოგვიანებით კიმან, დანაშაულის ჩადენა უარყო.
სმითების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით ტელეეთერით ნაჩვენები კობაურის აღიარებითი ჩვენება ახალი არ არის და მას მტკიცებულებითი ფასეულობა არ გააჩნია. ეს არის დაკავების მომენტში ჩაწერილი ვიდეო, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადა დაცვის მხარემ, რომ ის კანონდარღვევით არის მოპოვებული, კობაურის დაშინების, მოტყუებისა და მუქარის გზით.
„საინტერესოა, საიდან მოხვდა ეს ჩანაწერი „რუსთავი 2“-ის ხელში? ეს ინფორმაცია ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც სხვადასხვა კუთხით მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე და არც ერთ ეტაპზე ჩანაწერი საჯარო არ გამხდარა. არა იმიტომ, რომ ამაში რაიმე საიდუმლოა, უბრალოდ, ასეთ დეტალებს დახურულ სხდომაზე განვიხილავთ. მაშინ რა საჭირო იყო სხდომის დახურვა, თუ ყველაფრის აფიშირება მოხდა”, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მალხაზ კობაურის კიდევ ერთი ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დაკითხვის ამსახველი ჩანაწერიდან ჩანს, რომ ის მოტყუებით არის გაკეთებული. ეს კი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა, რაც გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით ან მოტყუებით, ჩვენების ან განმარტების მიღების დასჯას, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ალექსანდე კობაიძე, სამართალდამცავ უწყებებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ადვოკატების თქმით,თითქმის დასრულებულია საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი, შესარჩევია მხოლოდ2 ნაფიცი მსაჯული. დაახლოებით ერთ კვირაში,მარტის დასაწყისში სხდომები დაიწყება.
რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს. პოლიციამ მალევე დააკავა 19 წლის მალხაზ კობაური.მას ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობაური დანაშაულს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ სმითები სხვებმა მოკლეს.