ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
"მადლობას ვუხდი ირანის ძვირფას და პატივცემულ ხალხს, ბოლო 67 თვისთვის. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, რომ არ შემიძლია გავაგრძელო მუშაობა, ასევე ყველა ნაკლოვანებისთვის ჩემი საქმიანობის განმავლობაში. მადლობას ვუხდი ირანელ ერს და ოფიციალურ პირებს" - წერს ზარიფი "ინსტაგრამზე".
ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 2013 წლის აგვისტოდან იყო, მან ამ პოსტზე შეცვალა ალი აკბარ სალეჰი - რომელიც ამჟამად ირანის ატომურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ზარიფი ხელმძღვანელობდა ირანის ჯგუფს საერთაშორისო მოლაპარაკებაში, რომელმაც წარმოშვა 2015 წლის, საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. ამ ხელშეკრულებით შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.