პაკისტანის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს ინდოეთის არმიის ორი თვითმფინავი.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, გენერალ ასიფ ღაფურის თქმით, ეს იყო პასუხი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ინდოეთის არმიის ავიაგამანადგურებლების შეჭრასა და ქაშმირის დაბომბვაზე.
გენერლის ინფორმაციით, ერთი სამხედრო თვითმფრინავი პაკისტანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ნაწილში ჩამოვარდა, მეორე კი ინდოეთის ტერიტორიაზე. ღაფურის ცნობითვე, კატაპულტირების შემდეგ ერთი ინდოელი პილოტი დააკავეს.
ინდოეთის ხელისუფლება პაკისტანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინდოეთის მედიასაშუალებები კი იუწყებიან, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა პაკისტანის არმიის ავიაგამანადგურებელი F-16 ჩამოაგდეს.
26 თებერვალს, ინდოეთის ავიაგამანადგურებლებმა 1971 წლის შემდეგ პირველად მიიტანეს იერიში სადავო ქაშმირის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს. ინდოეთმა სამიზნედ დაასახელა „მუჰამედის არმიად“ წოდებული დაჯგუფების უმსხვილესი ბანაკი.
სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც 14 თებერვალს მოხდა ქაშმირის ინდურ ნაწილში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ინდოეთის არმიის 46 სამხედრო.