საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ დაადასტურა, რომ შეხვდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, უმრავლესობა დატოვოს.
ბესელიას განცხადებით, იცის კვაჭანტირაძის პოზიცია, თუმცა, მის ნაცვლად ლაპარაკი არაეთიკური იქნება.
„ჩვენ ერთმანეთს შევხვდით გუშინ, ასევე წინა დღეებში და ვნახოთ, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება. გვქონდა კონსულტაციები. დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას“ - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისი შეფასებით, დაწყებულია ძალიან საინტერესო პროცესი და მოსალოდნელია პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება.
გასულ კვირაში პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა. უმრავლესობა და სოციალ-დემოკრატთა პარტია დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა.