Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო შესყიდვები - უტენდეროდ და დაბალი კონკურენციით


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) ბიუჯეტებიდან საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები შეისწავლა და გამოარკვია, რომ სახელმწიფო შესყიდვების დროს, მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება.

მთავარი დასკვნა:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება და წლის ბოლოს დაჩქარებულად, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ეს კი, ორგანიზაციის შეფასებით, ტენდერების დაგეგმვის არასათანადო პრაქტიკაზე მიუთითებს.

ხარჯები - ციფრებში

მოკვლევამ აჩვენა, რომ 2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა, თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა ჯამში დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხის 82% თბილისზე მოდიოდა.

ქალაქების ხარჯები:

თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ხარჯების 36% უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით გასწია, რაც ნომინალურ გამოსახულებაში საკმაოდ სოლიდური თანხა - 1.9 მილიონი ლარია.

ყველაზე ნაკლები თანხა საახალწლო ღონისძიებებზე ფოთის მერიამ დახარჯა, ოღონდ იქაც მთლიანი თანხა პირდაპირი შესყიდვის გზით დაიხარჯა.

ქუთაისის მერიის შემთხვევაში - პირდაპირ შესყიდვაზე თანხის 68% დაიხარჯა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ ელექტრონული ტენდერების კუთხით მთავარი პრობლემა კონკურენციის დაბალი დონე იყო - თბილისის მერიის 2 მილიონ ლარიანი ტენდერი იტალიურმა კომპანიამ „IDO SRL“-მა კონკურენციის გარეშე მოიგო. ბათუმის მერიის 428 ათას ლარიან ტენდერში „აჭარგანათებამ“ ასევე უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო რუსთავის მერიის გამოცხადებულ 208 ათას ლარიან ტენდერში მხოლოდ 2 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც ერთმა დისკვალიფიკაცია მიიღო.

დედქალაქის მერიამ (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფმა”) საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში დაახლოებით 5.3 მილიონი ლარი გაიღო, საიდანაც 36% უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა.

ბათუმის მერიამ ჯამში დახარჯა 788 623 ლარი და ყველა შესყიდვა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელა.

ქუთაისში 2019 წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 229 485 ლარი გამოიყო. ამ თანხის 68% ანუ 156 610 ლარი პირდაპირ შესყიდვებზე მოდის, მათ შორის, 99 485 ლარი საახალწლო განათებებზე დაიხარჯა.

რუსთავის მერიის ხარჯები საახალწლო ღონისძიებებზე იყო 208 000 ლარი. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა.

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერს, რომ მუნიციპალიტეტებმა უკეთ უნდა ჩამოაყალიბონ შესყიდვების წლიური გეგმები, სადაც რამდენიმე თვით ადრე მაინც იქნება ცნობილი, თუ რის შესყიდვას გეგმავს მუნიციპალიტეტი საახალწლო ღონისძიებებისათვის. ეს აამაღლებს კონკურენციის დონეს და შემსყიდველს თანხის დაზოგვის და უფრო ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს.

„საერთაშორისო ორგანიზაცია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც ურჩევს უფრო მკაცრად მოეკიდოს საახალწლო შესყიდვებისთვის პირდაპირი შესყიდვაზე თანხმობის გაცემის საკითხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG