Accessibility links

site logo site logo

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელთა ადვოკატის ცნობით, საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს


ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს საიდუმლო გრიფით იძიებს.

კორძაძის განცხადებით, საქმეზე ბრალდებული არავინაა, თუმცა პროკურატურა პერიოდულად აკეთებს განცხადებებს და აქვყენებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით, არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ.

ადვოკატის განცხადებითვე, პროკურატურა საქმეს იძიებს „ფულის გათეთრების” მუხლით და რაც მეტ კომენტარს აკეთებს ამ საქმეზე, მით უფრო ნათელი ხდება, რომ არავითარი ფულის გათეთრება არ ყოფილა და ვერ იქნებოდა იმ მიზეზით, რომ ყველა ოპერაცია ლეგალურია, შესრულებულია საბანკო გადარიცხვის გზით და არაერთხელ შემოწმდა რეგულატორის მიერ.

„არ არსებობს „შავი ფული”, რომელიც ვინმემ „გაათეთრა.” უფრო მეტიც, თვით ეროვნული ბანკიც ბოლო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოსცა სანქციები, არსად ახსენებს ფულის გათეთრებას” - აღნიშნავს ზვიად კორძაძე.

ადვოკატის განცხადებით პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამასთან არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არ იძლევა საშუალებას საზოგადოებამ სრულად მიიღოს ინფორმაცია, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ბრიფინგების მიზანია არა საქმეში სამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენება.

„ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს არა გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებასთან, რომლის მიზანი სიმართლის დადგენაა, არამედ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიასთან“, - ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

ზვიად კორძაძის საპასუხოდ გენერალურ პროკურატურაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი არ ადევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG