გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია ვენესუელაში შექმნილი ვითარების შესახებ.
აშშ-ის მიერ ინიცირებულ, საბჭოს 9 წევრის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ვეტო დაადეს რუსეთმა და ჩინეთმა.
ამერიკული რეზოლუცია ეხებოდა საერთაშორისო მეთვალყურეობით ვენესუელაში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების და ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის აუცილებლობას.
მხარდაჭერა ვერ მიიღო რუსეთის მიერ წარმოდგენილმა ალტერნატიულმა პროექტმა, რომლის თანახმად, ვენესუელაში შექმნილი კრიზისი ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოაგვარონ და გარედან ძალის გამოყენებით მუქარა დაუშვებელია.
რუსულ პროექტს მიემხრო გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან მხოლოდ 4 წევრი.
თვეზე მეტია ვენესუელაში ორხელისუფლებიანობაა. მას შემდეგ, რაც 2019 წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მეორე ვადით არჩეულად გამოცხადებულმა ნიკოლას მადურომ, ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მადუროს არჩევნების გაყალბებაში, დიქტატურასა და ვენესუელის ეკონომიკის დანგრევაში ადანაშაულებენ.
ხუან გუაიდოს უფლებამოსილება აღიარეს აშშ-მა, ლათინური ამერიკის და ევროკავშირის სახელმწიფოებმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ.
მადუროს რეჟიმი უარს ამობს ქვეყანაში შეუშვას ამერიკული ჰუმანიტარული დახმარება. ვენესეულაში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უმწვავეს ეკონომიკური კრიზისს განიცდის, პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია.